„ოდესის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს სააკაშვილი უზრუნველყოფს?! ვშიშობ, რაღაც დიდ უბედურებაში არ გაეხვიონ“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს ეხმაურება. მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა არც უკრაინელი ხალხის და არც პეტრო პოროშენკოს არჩევანი არ არის. კობახიძე, აღნიშნულ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას “თავს მოხვეულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. კობახიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი ოდესაში უსაფრთხოებას და სიმშვიდეს ვერ უზრუნველყოფს.
„მე პატივს ვცემ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მათ ბრძოლას და თავდადებას ქვეყნის ერთიანობისთვის, პატივს ვცემ მათ სუვერენულ არჩევანს, მაგრამ არამგონია სააკაშვილი მათი არჩევანი იყოს, ან თუნდაც ბატონი პოროშენკოს არჩევანი, ეს უფრო თავს მოხვეული გადაწყვეტილება მგონია, რის გამოც, მართლა თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, ერთი წამით წარმოვიდგინე, ვინმე უკრაინელი, თუნდაც მათი ყოფილი პრეზიდენტი რომ დაენიშნათ ჩვენთან სადმე გუბერნატორად, მაგალითად კახეთში ან შიდა ქართლში და რუსულად დაეწყო მას არათუ საუბარი, არამედ საქმის წარმოება მთლიანად, მხოლოდ ამისთვის მოითხოვდა ხალხი მთავრობის გადადგომას, და რა დააშავეს ამ ადამიანებმა?! ნუთუ მრავალმილიონიან ქვეყანაში კადრები დაილია, საკუთარ ქვეყანაში ომწაგებულ-დამარცხებული, მშობელი ხალხისგან (უდიდესი ნაწილისგან მაინც) უარყოფილი და ნდობადაკაგული ადამიანი უცხო ქვეყანას და უცხო ერს უანგაროდ ემსახურება და მათ ომს მოიგებს?! ნუთუ მართლა ვინმე ფიქრობს, რომ ოდესის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს სააკაშვილი უზრუნველყოფს?! არ ვიცი, ვშიშობ, რაღაც დიდ უბედურებაში არ გაეხვიონ.. ისე, როგორ უცბად გაიმეტა საკუთარი, მშობლიური….. არც ბათუმი, არც ფოთი, არც თითქოსდა, მისთვის საყვარელი ანაკლია და რაც მთავარია, არც სოხუმი…ოდესააო შავი ზღვის აუზის “დედაქალაქი”… არ გამკვირვებია..“, – წერს მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები