გრიგოლ ქათამაძე უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
ქათამაძის კანდიდატურას ასოციაციის X ყრილობაზე, რომელიც გუშინ ჩატარდა, მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს.
უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაცია 1998 წელს დაფუძნდა და 7000-მდე საშუალო და მსხვილ ბიზნესს აერთიანებს, სულ 3.5 მილიონი ადამიანი უკრაინის მასშტაბით. მას წარმომადგენლობა ქვეყნის ყველა ოლქში აქვს. ასოციაციის წევრთა დაახლოებით 40% ფიზიკური პირია, 60% კი – მსხვილი ბიზნესი.
როგორც ქათამაძემ „ფრონტნიუსს“ განუცხადა, იგი აღნიშნული ასოციაციის კიევის ორგანიზაციაში რამდენიმე თვის წინ გაწვრიანდა  და პრეზიდენტის კანდიდატობაზე შეთავაზებაც მიიღო.
მისი თქმით, ასოციაცია უკრაინაში გამჭვირვალე საგადასახდო სისტემის დანერგვისთვის იბრძვის. მისი მიზანია გადამხდელებმა ყველა გადასახადი ლეგალურად გადაიხადონ. ამისთვის კი, საჭიროა ბიზნესის ხელშეწყობა, ლიბერალიზაცია და გადასახადების შემცირება.
„რეფორმამ უნდა შექმნას ჯანსაღი სისტემა გადასახადის გადამხდელებისთვის და ჩვენს ასოციაციას აქვს დიდი როლი ამ პროცესში“, – განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ და აღნიშნა, რომ ასოციაცია საკუთარი წევრების ინტერესებს დაიცავს.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მისი ერთ-ერთი ამოცანა ასოციაციის გაზრდა და   გაფართოება იქნება.
უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი ორი წლის ვადით ირჩევა, გრიგოლ ქათამაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი ასოციაციაში შედარებით ახალი სახე იყო, ყრილობის ორ ეტაპად ჩატარების შეთავაზება არჩია. პირველ ეტაპზე არჩეულ იქნა პრეზიდენტი და მმართველი საბჭო ნაწილობრივ. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში 25 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები ტარდება, პოლიტიკურ პროცესებისგან თავის არიდების მიზნით, ყრილობის მეორე ეტაპი ნოემბერში დაინიშნა. ამ დროის განმავლობაში ახალი პრეზიდენტი მის საქმიანობასა და შესაძლებლობებსაც წარმოაჩენს და მეორე ეტაპზე მმართველი საბჭოს დარჩენილ წევრებსაც აირჩევენ.
გრიგოლ ქათამაძე უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას  2008 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტის პერიოდში იკავდებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები