საკრებულოს დეპუტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
მალხაზ მჭედლიშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ ტრადიციულ სამხედრო აღლუმს და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. „ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. მინდა სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით კი, პატივი მინდა მივაგო იმ გმირების ხსოვნას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება სახელმწიფო დამოუკიდებლობის და სიძლიერის განსამტკიცებლად“-აღნიშნული განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
დეპუტატებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ყველა სახელმწიფო უწყების გამოფენა დაათვალიერეს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს თითოეული რეგიონი განსაკუთრებით აღნიშნავს.
„დღევანდელი დღე ძალიან დიდი სახალხო დღესასწაულია. მინდა აღვნიშნო, რომ წელს, პირველად, საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს, 26 მაისს, განსაკუთრებით ზეიმობს. ყველას ვულოცავ ამ დღეს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, სიძლიერესა და წინსვლას ვუსურვებ“-განაცხადა რიმა ბერაძემ.