ოლიმპიური ცეცხლი პირველ ქართველ მეჩირაღდნეს – ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა (ვიდეო)
ათენში პანათინაიკოსის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ აანთეს და საქართველოს დელეგაციას გადასცეს.
ოლიმპიურ ცეცხლი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“-ის სიმბოლო გახდება, სპეციალური საზეიმო ცერემონიალის შედეგად აანთეს და ქართველ სპორტსმენს, ლაშა შავდათუაშვილს გადასცეს, რომელმაც პანათინაიკოსის სტადიონზე მოატარა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოში ცეცხლს, მეორე ქართველ მეჩირაღდნეს მარიამ ბოლქვაძეს გადასცემს, რომელიც უტრეხტში გამართული ოლიმპიური ფესტივალის მესამე ადგილის მფლობელია ჩოგბურთში.
პანათენაიკოსის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის პირველი ესტაფეტის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაცია სპეციალური ჩარტერული რეისით ცეცხლს ბათუმში, 20:00 საათზე ჩაიტანს. ბათუმის აეროპორტში ცეცხლს ცნობილი სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეეები და პოლიტიკოსები შეხვდებიან. ცეცხლს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გადასცემს, რის შემდეგაც ცეცხლის დახვედრის ცერემონია პიაცას მოედანზე საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.
28 მაისიდან კი ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანის რაიონებისკენ წაიღებენ და 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის.
14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. 26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდლი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ცეცხლი დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ჩირაღდანი“ ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით, ვაზის ფოთლებითა და ყურძენის მარცვლებითაა გაფორმებული.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3 ათას 800 მონაწილე ესტუმრება.