ნუგზარ წიკლაური: ჩემს კოლეგებს საკუთარ პარტიაში პარტიზანული მოძრაობა არ უნდა წამოეწყოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური ოთხი თანაგუნდელის პარტიიდან წასვლას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. წიკლაური მისი კოლეგების მიერ პარტიის დატოვებას უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ მათ შეეძლოთ, უკმაყოფილების მიზეზები აქამდეც ეთქვათ. მისივე თქმით, პარტია პოლიტიკურ ბრძოლას კვლავ განაგრძობს.

„ემოციურად არ არის ადვილი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასება.

უბრალოდ, წესიერება მოითხოვდა, რომ ღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზების შესახებ და საკუთარ პარტიაში პარტიზანული მოძრაობა არ წამოეწყოთ. როგორც ჩანს, ელემენტარულ ეთიკაზეც განსხვავებული წარმოდგენები გვქონია.

მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ხალხი ბრძოლიდან გავიდა. არ ვიკადრებ იმაზე სპეკულაციას, რამდენად მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლება, თუმცა ერთი რამ სავსებით ნათელია: ოთხივე წასული დეპუტატი მოემსახურა ივანიშვილის ინტერესს.

ეს ადამიანურად არის ძალიან სამწუხარო, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით დრამატული არ არის. ბრძოლა გაგრძელდება და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ბრძოლიდან გაქცეულების გარეშეც“, – წერს წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები