შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლევან ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 53 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 5 აბი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით მეტადონს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ლევან ჯ.-ს ოპიუმისა და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები