სამცხე-ჯავახეთში საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა აშენდა

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა აშენდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბუღაშენს ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სკოლის გახსნა მიულოცა.
ამავე ინფორმაციით, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის ვინაიდან, სკოლის ძველი შენობის დიდი ნაწილი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებამდე, მოსწავლეთა შენობის უსაფრთხო ნაწილში გადაყვანა და ავარიული ნაწილის სრული იზოლირება გახდა საჭირო. სოფელ ბუღაშენში ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში, მკაცრი კლიმატური პირობებია და ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს ოცდაათ გრადუსს აღწევს. ამის გათვალისწინებით, ბუღაშენის საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია, რომლის ასაშენებლადაც გამოყენებული იქნა ენერგოეფექტური მასალა, რომელიც დაზოგავს ენერგიას და გათბობისთვის გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდება. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო და საოფისე ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი.
2013 წლიდან დღემდე 9 საჯარო სკოლისა და 1 პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა განხორციელდა. მიმდინარეობს 11 საჯარო სკოლის მშენებლობა და 18 საჯაო სკოლის პროექტირება, აქედან 4 საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წელსვე დაიწყება, დანარჩენი 14 სკოლა 2016 წელს აშენდება.
2015 წლიდან დღემდე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1089 საჯარო სკოლას, ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 225 სკოლაში განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო 100 სამედიცინო ოთახი, 187 სკოლაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები