ჩეჩნეთში 57 წლის პოლიციელმა 17 წლის სკოლის მოსწავლე მეორე ცოლად მოიყვანა (ვიდეო)

ჩეჩნეთში, დიდი სკანდალის მიუხედავად, რომელიც 57 წლის პოლიციის ოფიცრის ნაჟიდ გუჩიგოვის და 17 წლის არასრულწლოვანი გოგონას ხედა გაილაბიევას მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია, მათი შეუღლება მაინც შედგა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა უკვე მიიწვია ყველა მსურველი „ათასწლეულის ზეიმზე“. სკანდალი არა მარტო გოგონას ასაკმა გამოიწვია, რომელიც არასრულწლოვანია და მას რუსეთის კანონის მიხედვით დაქორწინების უფლება არა აქვს, არამედ იმანაც, რომ ნაჟიდ გუჩიგოვს ცოლი უკვე ჰყავს და 17 წლის სკოლის მოსწავლე მისი მეორე ცოლი იქნება. „კომერსანტის“ ინფორმაციით, მეორე ცოლის მოყვანის უფლება გუჩიგოვს სწოედ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მისცა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ისლამის და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად“, – ამბობს კადიროვი და ხუმრობით აღნიშნავს, რომ აქამდე ასწლეულის ქორწილი პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ჯვრისწერა იყო, მაგრამ ჩეჩნურმა ქორწილმა უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია. კადიროვის ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესი 1 500-დე მედიასაშუალებამ გამოხატა. „ავსტრალიდან და მონაკოდანაც კი რეკავენ“, – ამბობს კადიროვი. კადიროვი ასევე სასამართლოთი ემუქრება იმ ადამიანებს, ვინც ახალგაზრდების პირად ცხოვრებაში ერევა. „შესაბამისი სარჩელები უკვე მომზადებულია“, – ამბობს ჩეჩნეთის პრეზიდენტი. თავად რუსეთში ამ ინფორმაციას არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩეჩნეთი ფაქტობრივად არის რესპუბლიკა, სადაც რუსეთის კანონები არ ვრცელდება. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანზე დაქორწინებაც, მერე ცოლის მოყვანაც და იძულების წესით გათხოვებაც არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ცნობილი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის საბჭოს წევრი ნიკოლაი სვანიძე ამბობს, რომ კადიროვი ყველა თავისი განცხადებით და ქმედებით აჩვენებს, რომ ჩეჩნეთში მისი, და არა რუსეთის კანონები მოქმედებს. ამას კი ჩეჩნეთის პრეზიდენტი ვერ გაბედავდა, რომ არ ჰქონოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა.
„პუტინის და კადიროვის ურთიერთობა ფეოდალურ წყობას ჰგავს, როდესაც მეფეს დელეგირებული აქვს გარკვეული უფლებამოსილება რომელიმე რეგიონის ფეოდალის მიმართ, ხოლო სანაცვლოდ ვასალი მას ერთგულებით პასუხობს. ასეთ მოდელს სამართლებრივ სახელმწიოფოსთან არანაირი კავშირი არა აქვს“, – ამბობს სვანიძე „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში. სვანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს კერძო შემთხვევაა და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში „საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან“. უკმაყოფილება მოყვა რუსეთში ასევე ბავშვების და არასრულწლოვანთა ომბუდსმენის პაველ ასტახოვის განცხადებებს, რომელიც ამბობს, რომ 18 წლამდე დაქორწინება ჩეჩნეთში „ნორმას წარმოადგენს“. მისი თქმით, შეუღლების ქვედა ზღვარის ასაკის დადგენის საკითხი ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციაშია. აღსანიშნავია, რომ 57 წლის ჩეჩენი ოფიცრის და 17 წლის გოგონას დაქორწინების ამბავი რუსეთში როგორც ოპოზიციური, ასევე სამთავრობო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები