სასტუმრო ,,არმაზში” ხანძრის დროს დაღუპული ბავშვები რუსთავში დაკრძალეს
ანსამბლ „სიხარულის“ წევრები: დავით ზაქრაძე, რევაზ დემეტრაშვილი და თორნიკე ხვიჩია, რომლებიც ქობულეთში, სასტუმრო ,,არმაზში” ხანძრის დროს დაიღუპნენ, რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. ბავშვების ცხედრები რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 14 საათზე გამოასვენეს და დაკრძალვამდე მე-11 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა ,,რეცას” ეზოებში რამდენიმე წუთით ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოებში დაასვენეს.
რევაზ დემეტრაშვილი კერძო სკოლა ,,რეცას” მოსწავლე იყო, თორნიკე ხვიჩია და დავით ზაქრაძე კი თანაკლასელები იყვნენ მე-11 საჯარო სკოლაში.
დაკრძალვას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ახლობლები, თანაკლასელები, პედაგოგები, ანსამბლ “სიხარულის” წევრები და სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი მარღანია, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრები და ხელმძღვანელები, რუსთაველი ჩოხოსნები დაესწრნენ. დაკრძალვის ხარჯები მთლიანად რუსთავის თვითმმართველობამ დაფარა.
დაღუპული ბავშვების ოჯახებს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 10-10 ათასი ლარი გადაურიცხა, რუსთავის მერიამ კი 5-5 ათასი.