ნინო ჩხობაძის ორგანიზებით, დუშეთიდან სტეფანწმინდამდე მოხალისეები ტრასის დასუფთავების აქციას ჩაატარებენ
დუშეთიდან სტეფანწმინდამდე ტრასის დასუფთავების აქცია გაიმართება,- ამის შესახებ გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები საქართველო“-ს წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ჩხობაძის განცხადებით, ყაზბეგის მიმართულებით ტრასა და მისი მიმდებარე ხევები და მდინარეები ძალიან დაბინძურებულია, რასაც ერთგვარად ტრაილერებისა და ტრანზიტული მანქანების გაყვანასთან დაკავშირებით დევდორაკის საფრთხე, ნაწილობრივ კი სანაგვე კონტეინერების ნაკლებობა ქმნის.
ნინო ჩხობაძე დასუფთავების აქციაში მონაწილეობისკენ მოხალისეებსაც მოუწოდებს.
„ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების და ტრანზიტული მანქანების გაყვანის გამო საკმაოდ სავალალო სიტუაცია შეიქმნა, რადგანაც არსებობს დევდორაკის საფრთხე, მანქანების ძალიან ნელი გატარება ხდება. ხალხს საათობით, ხანდახან კი ერთი და ორი დღეც უწევთ დგომა. ამის გამო აღმოჩნდა, რომ თბილისიდან ყაზბეგამდე მთელი ტრასის გასწვრივ არის ნაგავი. ზოგ ადგილას არ არის ნაგვის კონტეინერი დადგმული, ხოლო სადაც არის, იქაც საკმარისი არ არის. ამიტომ ძირითად ნაგავსაყრელად ხევები და პატარა მდინარეები იქცა. განსაკუთრებული პრობლემაა გუდაურში, თოვლი დადნა და, როგორც იქნა, გამოჩნდა, რა დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ. სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად გადაწყდა, რომ დიდი დასუფთავების კამპანიისთვის მზადება დავიწყოთ და მოვაწყოთ ერთდღიანი ლაშქრობა ყაზბეგის მიმართულებით, დუშეთიდან დაწყებული, სტეფანწმინდამდე, მთლიანად დავასუფთავოთ ტრასა.
მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს, აქციაში ჩართვის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ჩვენს ორგანიზაციაში, ან მოგვმართონ ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. დასუფთავების აქცია 30 მაისს გაიმართება. შემდგომ კი მთელი გზის გასწვრივ ბანერები და ნაგვის კონტეინერები განთავსდება“,- აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.