მანანა კობახიძე: ვურჩევ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს, კარგად მოისმინოს ჩანაწერი…

სამწუხაროა, რომ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღის ფონზე, რომელსაც ფინანსთა მინისტრი მასპინძლობს, ზოგიერთი მედიასაშუალება აქცენტს აკეთებს  სწორედ ნოდარ ხადურის შესაძლო გადადგომის საკითხზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი ქვეყნისთვის, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი EBRD- ის ღონისძიების პარალელურად, მაშინ, როცა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 1500-ზე მეტი სტუმარი იმყოფება საქართველოში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტიულ პროგრამებზე, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აქცენტს აკეთებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაძლო გადადგომის საკითხზე. მაშინ, როცა სწორედ, ბატონი ნოდარ ხადური მასპინძლობს უცხოელ სტუმრებს და ფინანსთა სამინისტროა ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმის ორგანიზატორი. გაუგებარია, ვის ინტერესში შედის იმ დეზინფორმაციის გავრცელებაც, თითქოს მე განვაცხადე, რომ მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები. ეს არის სიცრუე და ვურჩევ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს კარგად მოისმინოს ჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვუსურვებ, ჩვენს მთავრობას წარმატებას და მჯერა, რომ ის პროგრამები, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაგვაცნეს – ქვეყნის განვითარების ერთადერთი რეალური გეგმაა.
P.S. სუმა ჩაკრაბარტი პრემიერ-მინისტრს – დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს შესანიშნავ გუნდს, ნოდარ ხადურის უნარიანი ხელმძღვანელობით“, – წერს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები