ჯონ მაკკეინს პეტრო პოროშენკოს რეფორმების საბჭოში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერჯერობით არ მიუცია
აშშ-ს სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი ადასტურებს, რომ მან უკრაინის რეფორმების საბჭოში მონაწილეობაზე უკრაინისგან და მიხეილ სააკაშვილისგან შემოთავაზება მიიღო. თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.
„მე ძალიან შემტკივა გული იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ეს წინადადება, მართლაც, მივიღე, თუმცა უნდა გავარკვიო, იქნება თუ არა ეს სწორი ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე და შეესაბამება თუ არა ეს სენატის წესებს“, – განუცხადა მაკკეინმა გამოცემა BuzzFeed-ს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოთხშაბათს ხელი მოაწერა რეფორმების საბჭოს შექმნის ბრძანებულებას, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბჭოში რვა პოლიტიკოსი, მათ შორის ჯონ მაკკეინი და შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი შევიდნენ. დოკუმენტის მიხედვით, საბჭოს წევრებმა უნდა შეიმუშავონ რეკომენდაციები უკრაინაში რეფორმების ჩატარების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე განახორციელონ რეფორმების კორექტირება მსოფლიოში და უკრიანაში საზოგადოებრივ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით.