ილია მეორე: ხალხი გადაეჩვია შრომას
ადამიანი უნდა ეძებდეს სამსახურს, სამუშაოს, მიწასთან სიახლოვეს, – ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“ ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ უნდა გადაირჩინოს ადამიანმა თავი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში, პატრიარქმა უპასუხა, რომ შრომას უნდა მიეჩვიოს და არა – სიღარიბეს.„უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ ეკლესიამ და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ნაკლებად იყოს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ხალხიც გადაეჩვია შრომას. დედაჩემმა იცოდა თქმა, ჩვენ, შვილებს, გვარიგებდა ხოლმე: სიღარიბეს ნუ შეეჩვევითო. ამიტომ ადამიანი უნდა ეძებდეს სამსახურს, სამუშაოს, მიწასთან სიახლოვეს. ვისაც უნდა შრომა, ის აუცილებლად ნახავს სამსახურს“, – ბრძანა პატრიარქმა.