თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით, რომლის მიზანი სამსახურში შესულ განაცხადებზე საქმის წარმოების პროცესის გამარტივებაა, თბილისის  ვიცე-მერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით  გამართულ შეხვედრას საქალაქო სამსახურის უფროსები,  მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურში შესულ განაცხადებზე საქმისწარმოების პროცესში, ხშირ შემთხვევაში საჭიროა მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან სხვადასხვა ინფორმაციის მიღება, რაც სამუშაო პროცესს ახანგრძლივებს, რადგანაც ხდება შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, იმისათვის, რომ შიდა კომუნიკაცია გამარტივდეს, არქიტექტურის სამსახური მუშაობს ელექტრონული საქმისწარმოების ახალი ფორმის სრულყოფაზე, რომლის მეშვეობითაც მოქალაქის მიერ შემოტანილი განაცხადი შესაბამის საქალაქო სამსახურში უშუალოდ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული ქსელიდან გადაიგზავნება და პასუხიც ელექტრონულად დაუბრუნდება განმცხადებელს.
მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლა დაეხმარება მოქალაქეს, დაუზოგავს დროს და ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აღნიშნული ინიციატივა გააუმჯობესებს და დააჩქარებს საქმისწარმოების პროცესს რაც  სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.
მერიის საქალაქო სამსახურები მომხმარებელს გამარტივებულ საქმისწარმოებას ორი კვირის ვადაში შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები