თინა ხიდაშელი: ომი არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება სახელმწიფოებმა დაუშვან

დღევანდელი დღე გვახსენებს სწორედ იმას, რომ ომი აღარ უნდა დავუშვათ და ყველა კეთილი ნების სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ – ამის შესახებ თავდაცვის მინიტრმა თინა ხიდაშელმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან განაცხადა.
ვაკის პარკში მინისტრი ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ომი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ დაუშვას.
“მე ყოველ წელს მოვდივარ აქ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ამ შემთხვევაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დღესაც ისეთივე პრიორიტეტია როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ. ომი ყველაზე უფრო დიდი შეცდომაა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ, სახელმწიფოებმა დაუშვან. დღევანდელი დღე გვახსენებს სწორედ იმას, რომ ეს აღარ უნდა დავუშვათ და ყველა კეთილი ნების სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ. 21-ე საუკუნეში სხვა ფორმებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გარკვევა”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდეს.
“ხელისუფლებისა და თავდაცვის მინისტრისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენს ქვეყანას ავარიდოთ მთავარი და ყველაზე დიდი საფრთხე. ამ გზაზე ჩვენი ხელისუფლება მიზანიმართულად მიდის 2.5 წელიწადია და გარწმუნებთ, რომ მცდელობას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებით იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები