ჩაწყობილ თამაშებში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან
თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაშების ჩაწყობაში ეჭვმიტანილ 8 პიროვნებას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. რვავე ბრალდებული გირაოთი გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
დავით გენძეხაძესა და ომარ ნაკაიძეს 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. საფეხბურთო კლუბ „სტუ”-ს პრეზიდენტ ოთარ შენგელიას – 15 ათასის, ხოლო ფეხბურთელებს – 10-10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. ადვოკატ თეიმურაზ ბერიძის განცხადებით, ხარაგაულის „ჩხერიმელას” ფეხბურთელები სანიკიძე და გოდერიძე თამაშების ჩაწყობაში მონაწილეობას აღიარებენ, შენგელია და გენძეხაძე კი თავს უდანაშაულოდ თვლიან. ბრალს არ აღიარებენ იოსებ გიოშვილი და გიორგი კუხალაშვილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.