“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, სადაც პარტიის წევრების: ხათუნა გოგორიშვილის, ლევან თარხნიშვილისა და ნიკა მელიას დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებაა ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპუტატები ბრიტანეთში, „კონსერვატიული“ პარტიის ბრიტანეთში მიწვევით, 1-8 მაისს იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება ვიზიტის მიზანს, განცხადების მიხედვით, მიზანი 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება და კონსერვატორების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ტექნოლოგიის გაცნობა იყო.
“ა.წ. 1-8 მაისს, „კონსერვატიული“ პარტიის მოწვევით საქართველოს პარლამენტის წევრები: ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. ენმ-ის დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო ეწარმოებინა დაკვირვება 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და აგრეთვე, გასცნობოდა კონსერვატორების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ტექნოლოგიას. ვიზიტის ფარგლებში ენმ-ის დელეგაცია ესტუმრა „კონსერვატორების“ ცენტრალურ ოფისს ლონდონში, მიიღო მონაწილეობა უიდფორდის საარჩევნო შტაბის მუშაობაში და დააკვირდა არჩევნების და ხმის დათვლის პროცესს. ქართველი პარლამენტარები შეხვდნენ თავის ბრიტანელ კოლეგებს, მათ შორის „კონსერვატიული“ პარტიის თავჯდომარის მოადგილეს რიჩარდ ჰარინგტონს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ლონდონის მოქმედ მერთან და პარლამენტის წევრთან ბორის ჯონსონთან. შეხვედრების დროს დაიგეგმა ორი პარტიის მომავალი თანამშრომლობის გეგმა და კონკრეტული ღონისძიებები. ენმ-ის წევრებმა გააცნეს ბრიტანელ პარლამენტარებს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და მადლობა გადაუხადეს მათ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიის განვითარება, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები