სასამართლომ ფეხბურთელების საქმეზე ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით. როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში, ბრალდებულები გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.
„დავით გენძეხაძეს, გიორგი კუხალაშვილს, იოსებ გიოშვილს, ომარ ნაკაიძეს და გიგა ბურჯანაძეს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვა შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით; ხოლო გიორგი გოდერიძესა და თემურ სანიკიძეს პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის მიღება შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით, ოთარ შენგელიას კი პროფესიული სპორტული შეჯიბრების გუნდის ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ ფულის მიღება შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულებს შეუფარდა გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად განუსაზღვრა 30 დღე.
ბრალდებულ დავით გენძეხაძეს, გიორგი კუხალაშვილს, იოსებ გიოშვილს, ომარ ნაკაიძეს და გიგა ბურჯანაძეს შეუფარდა გირაო, თითოეულს 20 000 ლარის ოდენობით, გიორგი გოდერიძესა და თეიმურაზ სანიკიძეს, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო ოთარ შენგელიას 15 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 18 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები