სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დავით კუბლაშვილი 2014 წლის 28 აგვისტოს სამართალდამცველებმა თანასოფლელების ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძისა და ვაჟა ნარიმანიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დავით კუბლაშვილი 2014 წლის 28 აგვისტოს სამართალდამცველებმა თანასოფლელების ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძისა და ვაჟა ნარიმანიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა ადიგენში მამა-შვილს დავით და მირზა კუბლაშვილებს შელაპარაკება მოუვიდათ ბექა სირბილაძესთან, მის ძმასთან ბორის სირბილაძესთან, გიორგი სირბილაძესთან, ვაჟა ნარიმანიშვილთან და მამუკა სირბილაძესთან. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დავით და მირზა კუბლაშვილებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით კუბლაშვილმა შურისძიების მიზნით საკუთარი სახლიდან აიღო მისი კუთვნილი სანადირო თოფი და ბექა სირბილაძის, ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის მიმართულებით მოახდინა რვა გასროლა, რის შედეგადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ ბორის სირბილაძე, გიორგი სირბილაძე და ვაჟა ნარიმანიშვილი, ხოლო ბექა სირბილაძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დავით კუბლაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დ.კუბლაშვილს სასჯელის საბოლოო სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.