იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღეს დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეთა სახელით ატყუებდა და ყალბი პასპორტის, ასევე, სხვა დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ ფულს სძალავდა.
ამავე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, საქართველოს მოქალაქე (ი. ა.), ასევე, საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) ყალბი დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობისა და საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას ჰპირდებოდა და ატყუებდა, რომ ამისთვის საჭირო იყო იუსტიციის სახლში მომუშავე პირებისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა.
“კერძოდ, დაკავებულმა პიროვნებამ (ი. ა.) საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) საქმის მოსაგვარებლად მოსთხოვა 4000 ამერიკული დოლარი, საიდანაც 1000 ამერიკული დოლარი წინასწარ გამოართვა, ვითომდა იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის გადასაცემად და თაღლითურად მიითვისა”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში 2015 წლის 6 თებერვლიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს ან დაკავებულ პირთან რაიმე ტიპის კონტაქტს ადგილი არ ჰქონია.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მოხელეთა სახელით ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული სულ ახლახანს გამოავლინა და 2015 წლის 20 აპრილს თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელთაც სახელმწიფო მოხელის სახელს ამოფარებული მოქალაქე ჩაიდენს, მოჰყვება მკაცრი რეაგირება”, – აცხადებენ უწყებაში.