„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას დიმიტრი შაშკინის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმისკენ მოუწოდებს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება 2006-2012 წლებში, საქართველოს განათლების სისტემიდან განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე და დაიწყოს სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიმართ, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2009-2012 წლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, ასობით დასაქმებული თანამშრომელი გათავისუფლდა,- ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ კაიკაციშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განხცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის – იძულების (150), დევნის (156), სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა (332) და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატების (333) სავარაუდო დარღვევის ფაქტები იკვეთება. ორგანიზაციის შეფასებით, „საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საგანმანათლებლო სფეროში, სისტემური დანაშაულის არსებობას ადასტურებს, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
„ განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნითა და კანონის უხეში დარღვევით გათავისუფლებულთა საქმეების შემსწავლელი კომისიის დასკვნა იძლევა საფუძველს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, იმ ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც მოქმედებდნენ მართლსაწინააღმდეგოდ, გამოძიება დაიწყოს. კომისიის მხრიდან შესწავლილი ცალკეული საქმეები პირდაპირ უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც განათლების სისტემაში, შესრულების იერარქიული ხასიათი ჰქონდა. მნიშვნელოვანია, ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა პასუხი გასცეს საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით, არასაიმედოდ მიჩნეული თანამშრომლების დათხოვნის ფაქტებს და აიღოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გათავისუფლებების მასობრივ შემთხვევებზე. თუკი ასეთი საქმეები არ იქნება გამოძიებული და არ დადგება კანონდამრღვევი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, საზოგადოებაში მუდმივად იქნება განცდა, რომ ვერც მოქმედი ხელისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას“,- აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სკოლებში პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისიის მუშაობა არ იქნება ეფექტური, თუ არ მოხდება მასში ასახულ სისხლის სამართლებრივი ფაქტების გამოძიება. ამიტომ, აუცილებელია საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.
ცნობისთვის: „საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2015 წლის 4 მაისის ანგარიშის მიხედვით: 2006-2013 წლებში, კანონის უხეში დარვევით, საჯარო სკოლებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან, გათავისუფლდა 70 ადამიანი, ხოლო პოლიტიკური ნიშნით – 23 მოქალაქე. კომისიამ შეისწავლა, სულ 830 განცხადება. კომისიას, საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ შეუსწავლია, მოცემულ პერიოდში, სამინისტროს დაქვემდებარებული პროფესიულ სასწავლებლებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საქმეები, რაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს, თუმცა ორგანიზაცია, კომისიის მხრიდან გაწეულ საქმიანობას, უაღრესად დადებითად აფასებს და პრეცედენტულს უწოდებს.