სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული გიორგი ცომაია უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული გიორგი ცომაია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მას ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
„2014 წლის 14 აგვისტოს თბილისში გიორგი ცომაია თავს დაესხა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს გამომძიებელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმა. სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, სასამართლომ გიორგი ცომაია უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა 16 სასამართლო პროცესი, დაიკითხა ბრალდების 14 და დაცვის მხარის 5 მოწმე. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები