გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მკვლელობა მოხდა – ბრალდებული დაკავებულია
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას, ბადრი გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში, გორის რაიონის სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).