ზვიად ჯანყარაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო
ზვიად ჯანყარაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ზვიად ჯანყარაშვილი და გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე.
„2015 წლის 24 აპრილს ზვიად ჯანყარაშვილმა გამოძიების დაწყების თხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას, სადაც მიუთითა, რომ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის და სხვა პირთა მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეიცავდა ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის თვით ზ.ჯანყარაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ნიშნებს და ითხოვა ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყება.
ვინაიდან განცხადება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, 2015 წლის 27 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა ზვიად ჯანყარაშვილი და გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე. ასევე დაგეგმილია ყველა აუცილებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედების ჩატარება საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.