გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება
მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში რჩება.
უგულავას უფლებების დამცველები მიიჩნევდნენ, რომ ყოფილი მერის პატიმრობაში დატოვება არაკონსტიტუციური იყო, რადგან მას წინასწარი პატიმრობის ვადა 2 აპრილს გაუვიდა.
“მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს უთხრა, რომ ეს არა კოდექსი, არამედ რაღაც ნაჯღაბნია და რაც ყველაზე მთავარია, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით გააკეთა ზუსტად ისეთი ინტერპრეტაცია, როგორსაც ისურვებდა საქართველოს ხელისუფლება გიორგი უგულავას პოლიტიკური დევნის ფარგლებში”, – განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ.
ბრალდების მხარე კი მოსამართლის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ უგულავას პატიმრობა კანონთან სრულ შესაბამისობაშია.
“ჯერ კიდევ 15 მარტს სასამართლომ მიიღო ჩვენი არგუმენტები და ჩათვალა, რომ პატიმრობა მიზანშეწონილი იყო. შემდგომ სააპელაციო სასამართლომაც კი იმსჯელა ამ საკითხზე და ზედა ინსტანციამაც ჩათვალა, რომ ჩვენი მოთხოვნა არგუმენტირებული იყო, შესაბამისად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დღესაც კი, უკვე მესამეჯერ სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნა და არგუმენტები კანონთან სრულად შესაბამისობაშია”, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა 7 ნოემბრის საქმეზე აქვს შეფარდებული. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე წინასწარი პატიმრობის ვადა ყოფილ მერს 2 აპრილს ამოეწურა, თუმცა 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურამ მას ბრალის ფაქტობრივი გარემოებები დაუზუსტა, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებამ სასამართლოს თბილისის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.