ფონდი „დღეს“ – ახალგაზრდა ნიჭიერების აღმოჩენას იწყებს
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეგიონ-რეგიონ დადიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებენ.
სწორედ ამისთვის დაფუძნდა ფონდი „დღეს“, რომლის წევრებიც ერთობლივი ძალებითა და ენთუზიაზმით ცდილობენ, ახალგაზრდებს ასწავლონ, გააგებინონ, მოასმენინონ და სცენიდან დაანახვონ ცხოვრება… ცხოვრება, რომელსაც ტელევოზორსა და სოციალურ ქსელში ვერ ნახავენ.
ამჯერად გაგაცნობთ კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „დღეს“, რომელიც მსახიობმა და საზოგადო მოღვაწემ, ნინელი ჭანკვეტაძემ დააფუძნა.
„კვირა“ ფონდის წარმომადგენლებს, დირიჟორ შიო აბრახამიასა და მსახიობ ბექა ჯუმუტიას ესაუბრა, რომლებმაც ფონდის მიერ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
როგორც მათ განაცხადეს, ფონდის მიზანი და საქმიანობა სამ დარგს მოიცავს: მუსიკით, მხატვრობით, თეატრითა და ხელოვნების სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ ადამიანს ასწავლოს, აათვისებინოს მისთვის სასურველი მიმართულებები; დააინტერესოს ის ახალგაზრდა, რომელიც ჯერაც არ დაინტერესებულა კულტურისა და ხელოვნების სფეროებით და მესამე – ყველაზე მთავარი: აღმოაჩინოს ნიჭიერი ადამიანები.
„ფონდი „დღეს“, ძირითადად, ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობაზე და მიზანიც ისაა, რომ ახალგაზრდა თაობის განვითარებას შეუწყოს ხელი, მოიძიოს რეგიონებში ბავშვები, რომლებიც ნიჭიერები არიან მუსიკაში, მხატვრობაში, თეატრსა თუ ხელოვნების რომელიმე სხვა დარგში“, – განაცხადა შიო აბრახამიამ.
ფონდის მიერ ორგანიზებული პირველი გასტროლი მარტვილში შედგა. როგორც ფონდის წარმომადგენელი ბექა ჟუმუტია აცხადებს, რეგიონში პირველი გასვლა ლექცია-კონცერტის ხასიათის იყო, რომელიც ერთგვარად, საგანმანათლებლო მისიასაც კისრულობდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიებას არამუსიკოსი მსმენელი ჰყავდა (პედაგოგები, ექიმები და ა.შ.) კონცერტის თემა ცნობილი ფილმებიდან და ასევე, ცნობილი მულტფილმებიდან შეირჩა.
„ჩვენი პირველი გასვლა სამეგრელოში, მარტვილში მოხდა. ეს იყო ერთ-ერთი საგანმათლებლო ლექცია-კონცერტი, რომელსაც დაესწრნენ პედაგოგები, ექიმები და 20-მდე შშმ პირი. ჩვენ წავიყვანეთ სიმებიანი კვარტეტი, ასევე მონაწილეობდა მუსიკოსი ვაჟა მანია. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გაცნობოდნენ როგორც ქართულ, ასევე კლასიკურ საკვარტეტო მინიატურებს.
ამის შემდეგ რეგიონში თუმანიშვილის თეატრიდან ორი სპექტაკლი გავიტანეთ. ეს ის სპექტაკლები იყო, რომლებსაც ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე ადგილობრივ მოსახლეობას პირველ შეხვედრაზე დაპირდა“, – განაცხადა ბექა ჯუმუტიამ.
როგორც ფონდის წარმომადგენელი, დირიჟორი შიო აბრახამია ამბობს, ფონდის წამოწყებას, აღმოეჩინა ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭყონდიდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) გაუწია.
ფონდს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. რეგიონის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი ყურუამ.
„ჩვენი რეგიონში პირველი გასვლის შემდეგ, მეუფე პეტრეს მიწვევით უკვე მეორე მეორე სპექტაკლი წავიღეთ. შემდეგ კი რეგიონის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ გამოთქვა სურვილი, რომ იქ, ადგილობრივ ბაზაზე ჩამოყალიბებულიყო მოზარდმაყურებელთა თეატრი“, – განახადა შიო აბრახამიამ.
მისივე თქმით, ადგილობრივი გამგეობის რესურსცენტრის ხელშეწყობით, რაიონის 16 სკოლიდან 600 ბავშვს მოუსმინეს, რომელთაგან საბოლოოდ, 60 მოზარდი დამტკიცდა.
„ფონდის დახმარებითა და ქალბატონი ნინელის თაოსნობით, რეგიონში გავუშვით რეჟისორი მამუკა ტყემალაძე, რომელმაც დადგა სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. მანამდე სამი დღის განმავლობაში კი, ადგილობრივი გამგეობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით, რაიონში არსებული 16 სკოლიდან გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები შეირჩა. დაახლოებით 600-მდე ბავშვს მოვუსმინეთ. ქასთინგი ორი კუთხით მოხდა, ერთი მხრივ, იყო ბავშვთა მუნიციპალური გუნდის ჩამოყალიბება, საიდანაც პირველი ტურიდან 96 ბავშვი აირჩა, ხოლო მეორე ტურის შემადგენლობაში 60 ბავშვი დამტკიცდა. ეს გუნდი ამოქმედებას დაიწყებს სექტემბრდან“, – განახადა შიო აბრახამიამ.
28-29 აპრილსა და პირველ მაისს მარტვილში თეატრალურმა დასმა მამუკა ტყემალაძის სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ წარადგინა.
პრემიერას დაესწრო: ფონდის დამფუძნებელი ნინელი ჭანკვეტაძე, პორტალ „კვირას“ კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი, ასევე კულტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭორი, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზუნსკი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე და სხვანი.
აღსანიშნავია, რომ ფონდის დამფუძნებლებსა და მათ მიერ მიწვეულ სტუმრებს ბიზნესმენმა ფრიდონ ინჯიამ უმასპინძლა და მათთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
„სამწუხაროდ, ცოტაა რეგიონში ასეთი მმართველობა, რომელიც ცდილობს, რომ მომავალ თაობაში ჩადოს ინვესტიცია და კულტურული კუთხით მიმართოს მათი განვითარება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ყველა აქტივობა მეუფე პეტრეს მიერაა მხარდაჭერილი. ეს ადამიანი ყოველთვის მხარში უდგას ყველა წამოწყებას, რომელიც კულტურასა და ხელოვნებას ეხება. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით ხდება ამ ყველაფრის განხორციელება. ასევე ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია, რომელმაც უმასპინძლა ჩვენს სტუმრებს და გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა შიო აბრახამიამ.
აღსანიშნავია, რომ ფონდს ფინანსური მხარდაჭერა ადგილობრივმა ბიზნესმენმა, კლინიკა „მკურნალის“ მფლობელმა, კახა კვესელავამ გამოუცხადა.
კვესელავამ „კვირას“ განუცხადა, მისთვის, როგორც რიგითი პატრიოტისთვის მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რაც ხალხს, ქვეყანას და ქვეყნის თითოეულ რაიონს სასარგებლოდ წაადგება.
როგორც კახა კვესელავამ განაცხადა, მისი კლინიკა „მკურნალი“ დაწესებულებაა, რომელიც ადგილობრივების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
მისი თქმით, კლინიკის წარმატება მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების დამსახურებაა, რომელთა პრიორიტეტი ის ადამიანია, ვინც მათთან დასახმარებლად მიდის.
ბიზნესმენ კახა კვესელავას წარმატების ფორმულა არის ადამიანების მოსმენა, მათთან ურთიერთობა და საუბარი.
„საქართველოს ნებისმიერ კუთხეს თავისი პრობლემები აქვს, ამიტომ ყველა კუთხეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ყველა კუთხეს თავისი სპეციფიკა აქვს. ჯერ ქვეყანა ისევ ახალდაბადებული ჩვილის მდგომარეობაშია, ამიტომ ნელ-ნელა ვიდგამთ ფეხს. მაგრამ თუ არ მოხდა სინთეზი ხელისუფლებისა და ხალხის, მაშინ ქვეყანა წინ ვერ წავა.
კლინიკა „მკურნალი“ სამი წელია რაც არსებობს. ჩვენი წარმატება კვალიფიციურ კადრებზეა დამოკდებული. ჩვენ წამყვანი სპეციალისტები გვყავს კლინიკაში. ჩემთვის პრიორიტეტი არის მაღალი დონის პროფესონალი კადრი და ავადმყოფი, რომელიც სამკურნალოდ მოგვმართავს ჩვენ. ჩვენთან მედდის საშუალო ხელფასი 400-500 ლარია, ექიმების – 1000-1800 ლარი, ამიტომ ყველა თავის საქმეს სინდისიერად და წარმატებულად აკეთებს.
რაც შეეხება ფონდს, მსგავს პროექტებს მხარს სიამოვნებით დავუჭერ ახლაც და მომავალშიც“, – განაცხადა კახა კვესელავამ.
ფონდ „დღეს“ მიერ განხორციელებული აქტივობების საინფორმაციო მხარდაჭერია პორტალი „კვირა“ .
„კვირა“ აქტიურად გააშუქებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოსაჩენადაა მიმართული.

