სარფსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

მებაჟეებმა სარფის საბაჟო – გამშვებ ფუნქტზე და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო – გამშვები პუნქტის „სარფი“-ს ტერიტორიაზე თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე კ. კ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი – მონეტები (152,97გრ), ბეჭდები (84,15გრ), გულსაკიდები (29,29გრ), გულსამაგრი (5,78გრ), ყელსაბამები (31,84გრ), სამაჯურები (6,94გრ), საყურეები (22,2გრ), სუფრის აქსესუარები (13,62გრ), ასევე ვერცხლის ჯართი 30,78 გრამი და ოქროს საათი (39,06გრ) იპოვეს.
საქონლის საერთო წონა 417,2 გრამი იყო. კ.კ-ს აღნიშნული საქონელი ავტომანქანაში, სხვადასხვა ნივთებში ჰქონდა დამალული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1296,78 აშშ დოლარი შეადგინა. მოქალაქე კ.კ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3022 ლარის ოდენობით შეეფარდა.
ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ რეისით “შარჯა-თბილისი” სომხეთის მოქალაქე ფ. კ. ჩამოვიდა, რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი: 15 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY 7ც, IPHONE 7ც, HTC 1 ც), ლეპტოპი (HP), ტაბი (SAMSUNG GALAXY), ფოტოაპარატი (CANON), 24 ც ე.წ. გადამყვანი (USB), ასევე 24 ც. მობილური ტელეფონის დამტენი, 21 ც. ყურსასმენი, სათვალთვალო კამერა, პროექტორი და სუნამოები აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12423,62 ლარი შეადგინა.
ფ.კ-ს სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 12423,62 ლარის ოდენობით შეეფარდა. 2 მაისს, ამავე რეისით თბილისში სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე ე. მ. ჩამოვიდა, მასაც ხელბარგშიც არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY), ლეპტოპი (ACER), 10 ერთეული სუნამო და მობილური ტელეფონების აქსესუარები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4139,68 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ე. მ-ს სსკ-ის 289-ე მუხლის მე -10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4139,68 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები