პროკურორი: დაიკითხა ზვიად ჯანყარაშვილი, ამჟამად ელისო კილაძის დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურამ “ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი დაკითხა, ამჟამად კი გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის – ელისო კილაძის დაკითხვა მიმდინარეობს – ამის შესახებ პროკურორმა დათო ნეფარიძემ განაცხადა.
როგორც პროკურორი აცხადებს, მიმდინარე წლის 24 აპრილს ზვიად ჯანყარაშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სადაც მიუთითა, რომ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის – ელისო კილაძის და სხვა პირთა მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ იქნა ცნობები, რომლებიც შეიცავდა ცალკეული თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ნიშნებს.
“ვინაიდან განცხადება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, 2015 წლის 27 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა ზვიად ჯანყარაშვილი, ამჟამად მიმდინარეობს გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის – ელისო კილაძის დაკითხვა. დაგეგმილია ასევე იმ პირთა დაკითხვა, რომელთაც აქვთ შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და სხვა საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების ჩატარება“, – აცხადებს პროკურორი დათო ნეფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები