თამაშების ჩაწყობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

თამაშების ჩაწყობის ბრალდებით სულ 8 პირია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულები არიან: საფეხბურთო კლუბ “სტუ თბილისის” პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურას” ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის – “იბცბეტ”-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ., საფეხბურთო კლუბ “ხარაგაულის ჩხერიმელას” მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ “ქუთაისის ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ., რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები