კერძო მესაკუთრეები სახელმწიფოსგან კომპენსაციის გაცემას ითხოვენ

ბიზნესმენები სახელმწიფოსგან თავიანთი კანონიერი საკუთრების გამოყენების უფლებას ითხოვენ. 9 წელია, კონსტანტინე და თეიმურაზ შერვაშიძეები 360 000 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს ვერ იყენებენ. როგორც მათმა ადვოკატმა ნოდარ მესხმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მათი საკუთრება შემოღობილია და კანონიერ მესაკუთრეებთან შეთანხმების გარეშე მშენებლობა მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, მათი საკუთრების ხელყოფა ყოფილი ხელისუფლების დროს დაიწყო, როცა თავდაცვის სამინისტრომ კერძო საკუთრება შემოღობა და მიახლოების უფლებას მის მფლობელებსაც არ აძლევდა.
„კონსტანტინე და თეიმურაზ შერვაშიძეებმა სასტუმროს მშენებლობისთვის 2006 წელს 360000 ათასი ლარად თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში უძრავი ქონება შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვაც გააჩნდათ, მშენებლობის დაწყება დღემდე ვერ ხერხდება, უფრო მეტიც, კანონიერი მესაკუთრეები თავის საკუთრებას ვერ უახლოვდებიან, ვერც სარგებლობენ და ყველანაირი უფლებები შეზღუდული აქვთ. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო შეიჭრა და კერძო საკუთრებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს“,- განაცხადა ნოდარ მესხმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მეპატრონეებმა არაერთხელ სცადეს საკითხის გარკვევა, თუმცა უშედეგოდ. მესხის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული დავა მორიგებით დასრულებულიყო, თუმცა აქ უკვე, მისი თქმით, ხელის შემშლელი ფაქტორი ეკონომიკის სამინისტრო აღმოჩნდა.
„მთლიანად შემოკავებულია აღნიშნული ფართობი და მიმდინარეობს მშენებლობა. 2013 წელს, როცა მესაკუთრე თეიმურაზ შარვაშიძე მივიდა თავის საკუთრებაში, ის ადგილზე დააკავეს და სამხედრო პოლიციაში გადაიყვანეს. ეს არის ფაქტი, რომელიც სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მივმართეთ და ზიანის ანაზღაურება მოვითხოვეთ. თავდაცვის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული დავა მორიგებით დასრულებულიყო. თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით ჩვენ ურთიერთობა დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროსთან. მათ უნდა შემოეთავაზებინათ ისეთი ობიექტი, რომელიც იმავე ღირებულების იქნებოდა, რა ღირებულებისაც იყო ჩვენ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ხელყო. მრავალთვიანი მოლაპარაკების შემდეგ მივედით კონსენსუსამდე, მათ მიერ შეთავაზებული წინადადება მივიღეთ აღმაშენებლის ქუჩაზე 178 #-ში ობიექტის შესყიდვის შესახებ, დამატებითი ინვესტიციის 2 მილიონი ლარის განხორციელების და ჩვენი მიწის ღირებულების 650000 ლარის გაქვითვის პირობით. საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო უმოკლეს ვადებში. სამწუხაროდ, მათ დაარღვიეს პირობა და საბოლოოოდ უარი განაცხადეს ვალდებულების შესრულებაზე. სამწუხაროდ, აღმაშენებლის 178#-ში არსებული ობიექტი მათ სხვა პირზე გაასხვისეს“,- აღნიშნა მესხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები