თეა წულუკიანი საფრანგეთის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს პარიზში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. თეა წულუკიანი საფრანგეთის შს მინისტრ ბერნარ კაზნევს და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივან ფილიპ ლეგლიზ-კოსტას შეხვდება. შს მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და დოკუმენტების უსაფრთხოების სამმართველოს უფროსებსაც შეხვდება.
სამინისტროს ცნობით, მინისტრის ვიზიტის მთავარი მიზანი რიგის სამიტამდე ევროპის სახელმწიფოთა პასუხისმგებელი პირებისათვის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის გაცნობაა. მინისტრი თავად მიაწვდის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გააკეთა საქართველომ დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით და რა რეფორმები გატარდა მიგრაციის მიმართულებით.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, თეა წულუკიანი სხვა მინისტრებთან ერთად აქტიურ სამუშაოს ატარებს რიგის სამიტამდე, რათა 21-22 მაისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასონ საქართველოს მიერ გაწეული ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები