დავით უსუფაშვილი: ნატოში წევრობა იმისთვის არ გვინდა, რომ მერე ყველა ერთად ვინმესთან ომში ჩავებათ

საქართველოს ნატოში წევრობა არ გვინდა იმისთვის, რომ მერე ყველა ერთად ვინმესთან ომში ჩავებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ორდღიან საპარლამენტთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პარლამენტში დღეს გაიხსნა.
“ჩვენი სამივე ქვეყნის სუვერენიტეტი შელახულია სხვადასხვა გზით და საშუალებით, სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური არგუმენტით, სხვადასხვა დონის ჩარევებით, მაგრამ რეალობა სახეზეა. ამასობაში ომი არ ყოფილა არც ერთი ჩვენი ქვეყნის არჩევანი და არც დღესაა ეს ჩვენი არჩევანი. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, მაგრამ როდესაც გარეშე მტერი თავს გესხმის, როდესაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ვხედავთ აწიოკებულს, აქ უკვე არჩევანი აღარ გვრჩება. ამ მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ – ყოველ შემთხვევაში საქართველო და უკრაინა. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ჩვენ ამის მისაღწევად, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოება უნდა დავიყენოთ გვერდში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ცალკე აღებულ თითოეულ ჩვენგანს არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ამ დონის საფრთხეებს. ამიტომაცაა საქართველოს ძალიან მყარი, ურყევი არჩევანი საერთაშორისო კოლექტიურ თავდაცვით სისტემაში – ნატოში გაწევრიანება. ეს ურყევი არჩევანი დასტურდება ყველაფრით და, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების განწყობით და საკუთარი მომავლის თაობაზე მათი ხედვით. ამასობაში, საქართველოს ნატოში წევრობა არ გვინდა იმისთვის, რომ მერე ყველა ერთად ვინმესთან ომში ჩავებათ. პირიქით, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ის რეალობა, რაც ნატოს, როგორც სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებას დასაბამიდან დღემდე მოჰყვება – ეს არის ის, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ომები აღარ ხდება. ჩვენც ეს გვინდა, მეტი არაფერი”, – მიმართა დავით უსუფაშვილმა ფორუმის უკრაინელ და მოლდოველ მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები