თინა ხიდაშელი: მე ძალიან ბევრს შევძლებ

მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა მოლოდინები აქვს მას, როგორც საქართველოში პირველ ქალ თავდაცვის მინისტრს.
“მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმისი, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა შევძლო ერთი მხრივ, ვემსახურო ქართველ ჯარისკაცებს და მეორე მხრივ, საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს, იყოს ქვეყანა დაცული, უსაფრთხო.
ეს დაცულობა და უსაფრთხოება გადის ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე, სიძლიერეზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, მე ძალიან ბევრს შევძლებ”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ახალი მინისტრის გუნდი, ხიდაშელი აცხადებს, რომ როგორც აღმოჩნდა, ბევრ ადამიანს იცნობს თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, ხელმძღვანელობაში. დანარჩენზე კი, მომავალ კვირას ისაუბრებს. თინა ხიდაშელი ამ წუთებში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ხვდება.
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი, პრემიერის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები