იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესი უწყებათაშორის საბჭოსთან განიხილა

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესი განიხილეს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. პროკურატურის ამ როლის გადახედვა საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებული სიახლე არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროკურატურის რეფორმირებას წელსვე ითვალისწინებს ეფექტიანად და სწრაფად.
პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე. საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: იუსტიციის მინისტრი − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; მთავარი პროკურორის მოადგილე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები; წევრი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილი კანდიდატებიდან და 3 პროკურორი, რომელთაც საქართველოს პროკურორთა კონფერენცია დაასახელებს. საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარადგინოს მთავრობისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.
მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი; საბჭო ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს. მისი უფლებამოსილების ვადა 6 წელია. მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში. შემდგომ დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს დასკვნას, ჩაიდინა თუ არა მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის დანაშაული. თუკი დასკვნა ამ ფაქტს არ დაადასტურებს, მთავარი პროკურორის იმავე ქმედების გამო მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ხელმეორედ შეიძლება გაიტანონ საპროკურორო საბჭოზე მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას. მთავრობა, დანაშაულის სავარაუდო არსებობის დადასტურების შემთხვევაში, მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, იმავე ორგანოში საკითხის დაყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 6 თვის შემდეგ. თუკი საპროკურორო საბჭო, მთავრობა ან პარლამენტი 6 თვის შემდეგ არ განიხილავს იმავე ქმედების გამო მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან განიხილავს, მაგრამ არ დაუჭერს მხარს, საქმე დახურულად ჩაითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები