თბილისის მერი კონფერენციას „საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“ დაესწრო
„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“ – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამ თემაზე გამართულ კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია და ეკონომიკური პილოტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი დაესწრნენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიამ დედაქალაქში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. თბილისის მერმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ კონფერენციაზე დამსწრე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ხელისუფლებას და ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთობლივად განიხილონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები.
„ჩვენ შევქმენით საინვესტიციო წინადადებების მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს. ჯგუფის შექმნის შემდეგ ასზე მეტი პროექტი განვიხილეთ, სადაც ბიზნესს მხარდაჭერა სჭირდებოდა. პროექტების უმეტესობა უკვე მიმდინარეობს, ზოგი მათგანი განხილვის პროცესშია. აქტიურად მიმდინარეობს ასევე მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. შესწავლის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსში, რომელიც თბილისისთვის ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის მომზადებას გულისხმობს. ამ პროექტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაგვეხმარება და მათი ფინანსებით და ექსპერტების დახმარებით განვახორციელებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენცია საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს-პალატისა და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი FEBI-ის ორგანიზებით გაიმართა და ლარის შემოღების 20 წლისთავს მიეძღვნა
კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.