1561 ცხოველი ბუნებრივ არეალში დაბრუნდა
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ბუნებრივ არეალში 29 ივლისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 1771 ცხოველიდან, ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში 1561 დააბრუნეს (210 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ დაბრუნდება). ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„გასტერილებულია, აღარ გამრავლდება და ლეკვებიც აღარ დაეხოცება“ -ამბობს თავშესაფრიდან დაბრუნებულ ძაღლზე ქ. ჭიათურის მკვიდრი.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.