საკრებულოში მიუსაფარი ბავშვებისათვის საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა
თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას „ქართული ღვინო და აღდგომა“ დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების, კერამიკოსების, მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების ღვინისა და აღდგომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას „ბავშვი და გარემო“ გადაეცემა, რომელიც მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს.
საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. მას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის, საკრებულოსა და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ნარმანიამ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ასეთი ღონისძიებების ორგანიზება და მასში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ერთი მხრივ, ხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია. მეორეს მხრივ კი, ხელოვნების ნიმუშების რეალიზაციით მიღებული თანხა იმ პატარებს მოხმარდებათ, რომლებმაც აღდგომის დღესასწაული ვერ იზეიმეს ისე, როგორც საჭირო იყო“, – აღნიშნა მერმა.