თბილისის საკრებულომ გამოფენას „ქართული ღვინო და აღდგომა“ უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოიეში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, სხვადასხვა თაობის მხატვრების, კერამიკოსების, მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, თემაზე „ქართული ღვინო და აღდგომა“.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, დღევანდელ ღონისძიებაზე ქართული ღვინის თემატიკის ირგვლივ სამოცამდე ხელოვანი გააერთიანა, მათ შორის ქეთი მატაბელი, გუგა კოტეტიშვილი, ზურა გომელაური, სოსო ნადირაძე და სხვები.
ღონისძიება ქართული ღვინის , როგორც ეროვნული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციას მიეძღვნა და მის 8000 წლიან ისტორიას უკავშირდებოდა.
გამოფენიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას “ბავშვი და გარემო“ გადაერიცხება, რომელიც მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ , ჯაზ-კვარტეტმა და ბიჭუნათა ვოკალურმა ანსამბლმა გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები