დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება

 

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელისა (CENN) და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვას“ ორგანიზებით, თბილისის ზოოპარკში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, ნარჩენების მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა.

გარემოსა დაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულები ღონისძიების ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს.
პირველი ადგილის მფლობელი ეკო-ბანაკ ტიან-შანზე გაემგზავრება, ხოლო მეორე ადგილზე გასული საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეწვევიან. დღეს ზოოპარკში “ეკო ბანაკის“ კლუბის წევრებმა დარგვის აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა. წელს დედამიწის დღე 45-ედ აღინიშნება და მისი მთავარი თემაა „კლიმატის ცვლილების სახე“ – ექსტერმალური ამინდი, დაკარგული სახეობები, დაბინძურებული გარემო – ჩვენი დღევანდელობა.
ყოველი წლის 22 აპრილს ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის, 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები