ხათუნა ზახაშვილი მშობლებს ერთი და ხუთი წლის ასაკის ბავშვების აცრისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მშობლებს წითელას, წითურას და ყბაყურას ეპიდემიაზე 1 და 5 წლის ასაკის ბავშვების აცრისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ზახაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ზახაშვილის განმარტებით, აღნიშნული ეპიდემიების გავრცელება საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მანვე, გარდა ბავშვებისა, ვაქცინაციისკენ 29 წლამდე ასაკის ყველა იმ მოქალაქეს მოუწოდა, რომელსაც ბავშვობაში წითელას, წითურას და ყბაყურას ეპიდემიაზე ვაქცინაცია არ ჩატარებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ავადობის რაოდენობასა და მისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებზეც ისაუბრა.
„საქართველოში 2013 წლიდან დღემდე წითელას, წითურას, ყბაყურას ეპიდემიით 11 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. აქედან 4 შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. 35% საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. იყო ენცეფალიტით გართულების შემთხვევები. 150 000-მდე ადამიანია აცრილი, თუმცა აქედან ყველაზე დაბალი რიცხვი თბილისზე მოდის. რეგიონებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ქვემო ქართლში ფიქსირდება. ეს არის ეპიდემია, რომელიც ჰაერით გადადის. შესაძლოა, იმყოფებოდეს ადამიანი ამ ეპიდემიის მატარებელ ადამიანთან ერთად და მისი ხველის და ცემინების შედეგად ჰაერით გადაედოს ინფექცია. აუცილებელია ბავშვი 1 და 5 წლის ასაკში აიცრას. თუ ბავშვობაში არ არიან აცრილები, საჭიროა აიცრას 29 წლამდე ასაკის ყველა პირი. ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როცა ბავშვებს 29 წლამდე ასაკის მშობლებისგან ედებათ აღნიშნული ვირუსი. ამ ეპიდემიამ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს ადამიანს, მისი გართულების შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა, დაინვალიდდეს, ან სულაც ლეტალური შედეგი დადგეს. ამიტომ მოვუწოდებ მშობლებს, ასე ნუ გარისკავენ და ჩაუტარონ შვილებს ვაქცინაცია, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოა“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები