C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტებს პაციენტები უფასოდ მიიღებენ
საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეადს” შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა და რომლის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში, ასევე ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, გარდა ამისა, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, კომპანია “გილეადის” გენერალურმა დირექტორმა ჯონ მარტინმა და კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა გრეგ ალტონიმ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგენკოოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის ღონისძიებები დაავადების პრევენციასთან ერთად ითვალისწინებს დაავადებული პაციენტებისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტების მიწოდებას, ასევე აუცილებელი დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას.
“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დაავადებულია C ჰეპატიტით და ესაჭიროება მკურნალობა, მიიღებს იმ უსაფრთხო, თანამედროვე, ეფექტურ პრეპერატებს, რომელიც კი დღეის მდგომარეობით არსებობს. მკურნალობის ღირებულება მათთვის იქნება ნული. რაც შეეხება დიაგნოსტიკის კომპონენტს, სოციალურად დაუცველებისთვის ეს პრაქტიკულად არაფერი ეღირება – 70%-ს აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 30%-ის შემთხვევაში ვიმედოვნებთ, რომ დაავადებულებს დაეხმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. დიაგნოსტიკის ღირებულება ჯამში არის 480 ლარი, შესაბამისად, 30% გამოდის 144 ლარი. ყველაზე ცუდ შემთხვევაში 144 ლარი დაუჯდება პაციენტს მკურნალობის კურსი, რომლის საბაზრო ღირებულებაც უახლოვდება 100 000 ამერიკულ დოლარს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატები “სოფოსბუვირი” (I ეტაპი) და “ჰარვონი” (II ეტაპი), რომლებიც, წინა თაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით.