ძვლის სიმსივნეზე ოპერაციის ჩასატარებლად საფრანგეთში 16 წლის მოზარდი გაემგზავრა

საქართველოს სოლიდარობის ფონდის მეგობრებისა და მხარდამჭერების თანადგომით 16 წლის ნანა ძვლის სიმსივნეზე ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად საფრანგეთში გაემგზავრა.
„ზაფხულის ბოლოს, აგვისტოს თვეში ბავშვს ასტკივდა ფეხი, ჩამოვედით თბილისში და კვლევებით დადგინდა მძიმე დიაგნოზი. ჩავიტარეთ ქიმიოთერაპიის 9 კურსი და მკურნალობისათვის მივიღეთ დაფინანსება სოლიდარობის ფონდიდან. მადლობას ვუხდი მთელს სოლიდარობის ფონდს, ვისაც წვლილი მიუძღვნის ამ ფონდის შექმნაში და თითოეულ მოქალაქეს, ვინც რასაც იღებს ჩვენი ბავშვებისათვის“, – აღნიშნავს ნანას დედა.
ნანას მკურნალობას სოლიდარობის ფონდი 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე აფინანსებს როგორც საქართველოში ქიმიოთერაპიის თანადაფინანსებით, ასევე საზღვარგარეთ კომპლექსური ძვლის ოპერაციის ჩასატარებლად. საერთო ჯამში, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გარდა სოლიდარობის ფონდმა ნანას საზღვარგარეთ მკურნალობისათვის 25 000 ევრო, ხოლო საქართველოში ქიმიოთერაპიის დასაფინანსებლად 18 200 ლარი დაამტკიცა. როგორც სოლიდარობის ფონდში აცხადებენ, ნანას შემთხვევაში განსაკუთრებულია, რამდენადაც სოლიდარობის ფონდმა ბავშვის სამკურნალოდ არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო, არამედ ფონდის ექიმ-ექსპერტების უშუალო მონაწილეობითა და კონსულტაციებით მოხდა ბავშვისათვის მკურნალობის ინტეგრირებული და თანამიმდევრული ტაქტიკის შერჩევა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ნანა რამდენიმე თვეში წარმატებული ოპერაციის შედეგებით დაგვიბრუნდება და ჩვენც პერიოდულად მოგაწვდით ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიახლეებს. ტუღუშების ოჯახის სახელით მადლობას გიხდით სოლიდარობის ფონდის თითოეულ მხარდამჭერს, რომ გვაძლევთ საშუალებას, კიდევ ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება გავწიოთ 16 წლის უმშვენიერესი ნანასათვის“,- აცხადებენ სოლიდარობის ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები