აქცია „წიგნი – გისოსებს მიღმა“ დასრულდა – მე-8 საპატიმრო დაწესებულებაში 2000- მდე წიგნი მიიტანეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციტივით დაწყებული აქცია დასრულდა. ერთი თვის განმავლობაში სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებისათვის მოგროვილი 2000- მდე წიგნი დღეს მე-8 საპატიმრო დაწესებულებაში მიიტანეს. წიგნები მსჯავრდებულებს მერვე დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშილმა პირადად გადასცეს. „წიგნი – გისოსებს მიღმა“ – ამ აქციის წამოწყების საფუძველი სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-8 საპყრობილიდან პატიმრის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე შემოსული განცხადება გახდა. „ქალბატონო ეკა, მოგმართავთ 53 წლის პატიმარი – ოდნავ უცნაური თხოვნით. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა…. ალბათ არ დაგამძიმებთ, რომ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ რამდენიმე წიგნი.
მეც და ჩემი თანასაკნელებიც მადლიერები დაგრჩებით“, – ამ წერილით ერთ-ერთი მსჯავრდებული ეკა ბესელიას, სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის განახლებას სთხოვდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოწოდების საფუძველზე აქციაში პარლამენტის აპარატის, სხვადასხვა კომიტეტებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქციაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საგამომცემლო სახლებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები