სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა
19-20 აპრილს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში მედიატური გამართა. მედიატურის მიზანი განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოების მონახულება იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროში ჟურნალისტებმა კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოდან, ლოტოტრონის პრინციპით, თავად შეარჩიეს მოსანახულებელი საწარმოები.
„დღეს გვინდა აქ შეკრებილ ჟურნალისტებს ექსკლუზიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 105-ის ნაცვლად, ჩვენ მიერ აგრარულ სექტორში უკვე დაფინანსებულია 119 ბიზნესი. დაპირებისამებრ, დღეს ვიწყებთ მედიატურს. პირველი რეგიონი გახლავთ კახეთი, სადაც 36-ის ნაცვლად, უკვე 42 საწარმოს ნახვის საშუალება მოგვეცა. ლოტოტრონის პრინციპით შევარჩიეთ 8 საწარმო. დარწმუნებული ვარ, თითოეულ საწარმოსთან მიმართებაში დიდი ინტერესი იქნება. ძალიან გაგვიმართლა, რომ სხვადასხვა მიმართულების საწარმოების დათვალიერებას შევძლებთ. ლოტოტრონის პრინციპით შერჩევიდან გამომდინარე, ალბათობა დიდი იყო, რომ ერთი მიმართულების საწარმოები გვენახა. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადობას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, თუ როგორი საწარმოები შეიქმნა სახელმწიფოს ხელშეწყობით”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.