ბიძინა ივანიშვილი: „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ძალიან ბევრი უხეში პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ ნაბიჯებს არაკორექტული და არაეთიკური უწოდა. როგორც მან გადაცემა „კვირის 20/30“-ში განაცხადა, პარტიის წევრები „ერთ კაცზე არიან ორიენტირებულები“, რითაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პრაქტიკას იმეორებენ.
„ის ქმედებები და ნაბიჯები, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განახორციელეს, პოლიტიკურად ძალიან არაეთიკური და არაკორექტული იყო. ეს კიდევ რბილად ნათქვამია. მათ ძალიან ბევრი უხეში პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს, პირველ რიგში, მათსავე საზიანოდ. აქაც იკვეთება, რომ გუნდის წევრები ერთ კაცზე არიან ორიენტირებულები. ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ისინი ჩემი გუნდის წევრები იყვნენ. პროცესი, რაც განვითარდა და რასაც საზოგადოება უყურებს, პრაქტიკულად  იმეორებენ იმ ცუდ პრაქტიკას, რაც სააკაშვილის დროს დაფუძნდა, რომ მთელი გუნდი ორიენტირებული იყო ერთ კაცზე“, – განაცხდა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა 2014 წლის სექტემბერში ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ირაკლი ალასანას განცხადებას, რომ ის დაბრუნდებოდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ, უხეში პოლიტიკური სვლა უწოდა.
ივანიშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნები დაკავებულები არ იყვნენ და მხოლოდ პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენ სამინისტროში შესულები, როდესაც ალასანიამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდებოდა პარტიის თავმჯდომარედ.
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით გაჩნდა ეჭვი, რომ პარტიაში პოლიტიკური სვლებისთვის ემზადებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები