ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციას მედიაზე წინაც კი დავაყენებდი
ოპოზიციას მედიაზე წინაც კი დავაყენებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 20/30“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციას უდიდესი როლი აქვს და მათ მთავრობას სახელმწიფოს განვითარების ალტერნატიული გზები უნდა შესთავაზონ.
„ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციას აქვს უდიდესი როლი. ოპოზიციას მედიაზე წინაც კი დავაყენებდი. ოპოზიცია მედიასაც კი უნდა დაეხმაროს მთავრობის სწორ კრიტიკაში და შეცდომების გამომჟღავნებაში, სწორი გზის ჩვენებაში. მათ ქვეყნის განვითარების ალტერნატიული გზები უნდა აჩვენონ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ფუნქცია მხოლოდ კრიტიკა არ არის. ივანიშვილის შეფასებით, საქართველოში დღევანდელი ოპოზიციური ძალა საკუთარ როლს ძალიან ცუდად ასრულებს.