კრწანისის რაიონში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კრწანისის რაიონში, ახალი ხეივნის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები, ხოლო მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ უბანში არსებული სხვა პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია. „ამ უბანში მცხოვრებ მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდით, რომ მოვაწესრიგებდით ინფრასტრუქტურას. უკვე დავიწყეთ სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გაცილებით უფრო მასშტაბურია საგზაო სამუშაოები, რომელსაც აქ ვახორციელებთ. რამდენიმე ქუჩაზე ერთობლივად იგება გზა. ფაქტობრივად, უმთავრესი პრობლემები, რაც ამ უბანს აწუხებდა, მოგვარდება. დღეს მოსახლეობამ სათამაშო მოედნის აღდგენაც გვთხოვა, რასაც აუცილებლად გავუკეთებთ. მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ ამ უბანს, რომ საცხოვრებლად უფრო კარგი გარემო შეიქმნას და ის დაპირებები, რაც ხალხს მივეცით, შევასრულოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.