თბილისის მერია ვაკის პარკის შესასვლელის რეაბილიტაციას აწარმოებს

ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია შესული. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვალა დაზიანებული კიბეები, მოაჯირები და ტროტუარი. გამოიცვალა შესასვლელი რკინის კარი. რეაბილიტაციის შემდეგ ვაკის პარკის შესასვლელი სრულად ადაპტირებული იქნება. უკვე მოწყობილია პანდუსის სავალი ნაწილი და მიმდინარეობს მისი მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ასევე დამონტაჟდება ლიფტი შშმ პირებისათვის. პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდეა გამოყოფილი.
დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან, ვაკის რაიონის გამგებელ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ტერიტორია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, ამიტომ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. „გარდა ამისა, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ თვითონ პარკის ტერიტორიასაც. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რეკრეაციული ტერიტორია შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავამწვანოთ და მოვუაროთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
11165854_1570311866553718_1878391113_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები