„თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები“ – გამოფენა და პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება

18 აპრილს, 18:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში „გეოეარის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა და პუბლიკაციის პრეზენტაცია „თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები“ გაიმართება. ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტომასალა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალა იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას პირადი არქივებიდან და ასევე, „გეოეარის“, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის ფოტომასალა. ასევე, გაიმართება პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო“ სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.
„ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა“, შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება. სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: Soviet Period Mosaics in Tbilisi, – ამბობენ ორგანიზატორები. „თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები“ განხორციელდა პროექტ „სივრცეების“ (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები