თომას მანის „დოქტორი ფაუსტუსის“ პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ და ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge „მწერალთა სახლში“ თომას მანის „დოქტორი ფაუსტუსის“ პრეზენტაციას გამართავს. თომას მანის „დოქტორი ფაუსტუსი“ ევროპული ინტელექტუალური რომანის შედევრია. მწერალს ფაუსტური პრობლემატიკა მეოცე საუკუნის სინამდვილეში გადმოაქვს და პაროდიის გამჭვირვალე საბურველში განიხილავს, პარალელს ავლებს ეშმაკთან შეკრული დიდი ხელოვანის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებასა და მაღალკულტურული, მაგრამ ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომში ჩათრეული გერმანელი ხალხის ხვედრს შორის. წიგნი გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო კარლო ჯორჯანელმა. წიგნი გამოიცა ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-ს მხარდაჭერით და ხელმისაწვდომია ელექტრონული სახითაც ექსკლუზიურად მხოლოდ lit.ge-ს ვებგვერდზე. დასწრება თავისუფალია.